თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ქართული ოპოზიციის მოტივაცია, რომელიც მოსამართლეების დანიშვნისას ე.წ.ვეტინგ-კონტროლის შემოღებას ითხოვს, გასაგებია - ეს არის რადიკალურად დესტრუქციული დამოკიდებულება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
„დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. იგი არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ არაა. ვინმეს შეიძლება ჰქონდეს სურვილი მოიპოვოს სასამართლოსა და მართლმსაჯულებაში ჩარევის შესაძლებლობა.მოტივაცია, რომელიც ოპოზიციას აქვს, გასაგებია - ეს არის რადიკალურად დესტრუქციული დამოკიდებულება, რასაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“, - განაცხადა სარჯველაძემ.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა გატარდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას რამდენიმე მოსამართლისგან შექმნილი პროსახელისუფლებო კლანი მართავს.
მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია კლანის წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალდებების მტკიცებულებები საქართველოსთვის არ წარუდგენია.