რუსთაველის გამზირზე ახალი ხუთვარსკლავიანი სასტუმრო და კაზინო აშენდება

შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კავშირგაბმულობის ყოფილი სამინისტროს შენობაში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში განაცხადეს.
უძრავი ქონება 3,5 ათასი კვ მეტრი მიწის ნაკვეთზე განთავსდება. მედიაპლატფორმა BMG-ს ცნობით, ქონება ეკუთვნის შპს „მარილი 2020“-ს, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ქართული ეროვნული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი პარტნიორი თამაზ გაიაშვილია. არსებულ შენობაში ამჟამად ამავე ავიაკომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს.
თბილისის არქიტექტურული სამსახურის ინფორმაციით, პროექტის წინასწარი შეთანხმება უკვე მოხდა და შესაბამისი თანხმობაც გაცემულია.
ახალი სასტუმროს პროექტი
შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ხოლო ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაფართოვდება იმავე სტილის ნაგებობით, რათა ახალი ნაგებობა მის ისტორიულ იერსახესთან იყოს შესაბამისობაში. მთლიანობაში შენობას 10 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება. შენობის საერთო ფართობი 16.238 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა.