რატომ აფინანსებენ საელჩოები ლგბტქ პროპაგანდას საქართველოში? დეპუტატი განმარტებას ითხოვს

წიგნის პრეზენტაციამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აგრძელებენ ლგბტქ პროპაგანდის დაფინანსებას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 90%-სთვის ეს მიუღებელია, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ახალი წიგნის „ცის ფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" დაგეგმილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული წიგნის გარეკანიდან და სათაურის შინაარსიდან ადვილად მისახვედრია, თუ რა მიზანი ამოძრავებს წიგნის ავტორებს და რაც მთავარია - ამ წიგნის დამფინანსებლებს, რომელთა შორის არიან ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
„საინტერესო იქნება იმ საელჩოებისა და ორგანიზაციების პოზიცია და პასუხი კითხვაზე - რატომ აფინანსებენ ლგბტქ პროპაგანდას, როცა მათთვისაც ცნობილია, რომ ეს პროპაგანდა საქართველოს საზოგადოების სულ ცოტა 90%-თვის მიუღებელია", - განაცხადა მაჭარაშვილმა ბრიფინგზე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს. მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტქ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ცივილიზებულ მიღწევას.
„საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის ავტორები სიხარულით გვამცნობენ, რომ თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტქ პროპაგანდის მაგალითები, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ გაასაღონ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ყოველივე ამის წამახალისებელი, სამწუხაროდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც ამერიკელ დიპლომატებს რეკომენდაცია მიეცათ არ გამოიყენონ ისეთი „პრობლემური" სიტყვები, როგორიცაა „დედა", „მამა", „ქმარი" და „ცოლი".
მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებისთვის ლგბტ-პროპაგანდა მიუღებელია>>>
როგორც ბლინკენმა ჩანაწერში მიუთითა, ადამიანის სქესი სოციალური კონსტრუქციაა და ყოველთვის არ ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესს, ამიტომ გენდერულად ნეიტრალური ენის გამოყენება „პატივისცემის დემონსტრირებას და გაუგებრობას თავიდან აიცილებს“.
„მათ ასეთი თაობის გაზრდა და ასეთი მომავალი სურთ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ოპოზიციურ, ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტქ-პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს - „ამერიკაში თქვეს, ე.ი. ასეა საჭირო“", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ორშაბათს, 26 თებერვალს, ბერლინის კინოფესტივალზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ალტერნატიული ქართული სტენდი და ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქალიშვილის ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის ფილმი სახელწოდებით „გზაჯვარედინზე". ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე სპეციალური ჯილდო The Teddy Award-ი მოიპოვა, რომელიც გადაეცემა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა პრობლემების შესახებ საუკეთესო ფილმებს.
„ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელია ლგბტქ პროპაგანდა. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა.
2023 წლის დეკემბერში პარტია „ლელოს“ ლიდერმა დააანონსა „ხაზარაძის ფონდის კულტურისთვის“ შექმნა, რომლის დონორიც მისი ოჯახი იქნებოდა. როგორც ხაზარაძემ განმარტა, ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების თავისუფლებას ემსახურება.