კვლევა: იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან

კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით პირველად ჩატარდა და მისი შედეგების პრეზენტაცია 27 თებერვალს გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კონფლიქტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, ისინი აფხაზ და ოს მოსახლეობასთან შერიგების მომხრე არიან, ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევაში.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
„კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ქალების უმრავლესობა – 87% ფიქრობს, რომ კონფლიქტი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, 88% – აფხაზ მოსახლეობასთან, 85% კი ოს მოსახლეობასთან შერიგების მომხრეა", - ნათქვამია კვლევაში.
პირველად საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იძულებით გადაადგილებული ქალების განწყობების კვლევა ჩაატარა, თუ როგორია მათი დამოკიდებულებები კონფლიქტების მოგვარების გზების, შერიგებისა და მშვიდობის შესახებ.
„კვლევაში მონაწილე ქალებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ყველაზე მეტად ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების დამეგობრება (55%) და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმოსვლის გამარტივება (53%) შეუწყობს ხელს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, იძულებით გადაადგილებული ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გამოხატავენ ინტერესს ჩაერთონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭირო აქტივობებში და მონაწილეობა მიიღონ ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ დიალოგებში.
მათ თქმით, იძულებით გადაადგილებულ ქალებს უნიკალური გამოცდილება და გამოწვევები აქვთ, რის გამოც კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ეფექტიანი პოლიტიკისთვის მათი შეხედულებების გათვალისწინება აუცილებელია.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ 228.951 იძულებით გადაადგილებულ პირს შორის 100.628 ქალია, თუმცა მათი თანაბარი, სრული და ეფექტიანი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების პროცესებში გამოწვევად რჩება.
კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით პირველად ჩატარდა და მისი შედეგების პრეზენტაცია 27 თებერვალს გაიმართება.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთეულია, რომელიც ეფუძნება გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას.