პირველად ისტორიაში: ქართველი მსროლელების წყვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა

მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში გერმანელების წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური.
უნგრეთის ქალაქი დიორი 24 თებერვლიდან 3 მარტამდე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში გერმანელების წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მესამე ადგილზე აზერბაიჯანელთა წყვილი გავიდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე ასპარეზობენ.
ტურნირზე ორ-ორი ოლიმპიური საგზური გათამაშდება მამაკაცებსა და ქალებში პნევმატური შაშხანიდან სროლაში, ასევე პნევმატური პისტოლეტით სროლაში.