თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას, ფაქტობრივად, სთავაზობს უარი თქვას სუვერენიტეტზე და მოითხოვს მოსამართლეთა დანიშვნისას ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღებას, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ დამოუკიდებლობის სულისკვეთებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა..
სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
„ვფიქრობ, ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებენ თუ რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოურ ფულზე ზედმეტ დამოკიდებულებას. დღეს ოპოზიცია, ფაქტობრივად, გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას მაშინ, როცა ამბობს, რომ უცხოელებმა საქართველოში მოსამართლეები უნდა დანიშნონ. ეს ეწინააღმდეგება ყველანაირ სულისკვეთებას, ჩვენს 30-წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას, ისტორიულ მისწრაფებებს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან აქტიურობენ, რომ უცხოელები იყვნენ ჩართული მოსამართლეთა დანიშვნაში. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გასაგებია დონორების მოწოდებები, რომ მათი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები განხილვაში ჩაერთონ.
„როდესაც მათ დისკუსიებში ვრთავთ, ეს ორგანიზაციები გვთავაზობენ მათი დონორების ჩართვას გადაწყვეტილების მიღებაში და ვფიქრობ, მათ უნდა გადაწყვიტონ და გვითხრან, საერთოდ უნდა დავტოვოთ თუ არა ეს ქვეყანა და უნდა მართონ თუ არა ეს ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დონორებმა. თქვან, ეს არის მათი მთავარი მიზანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ყველას მიანიშნა ვენის კონვენციაზე და აღნიშნა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის შიდა პოლიტიკას და სუვერენიტეტს.
„რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანას არაფერი ესაქმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ფორმალურად ჩვენს კონსტიტუციას, არამედ ჩვენს დამოუკიდებლობის სულისკვეთებას. ნუთუ იმისთვის ვიბრძოდით, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ჩვენ კი არ გადავწყვიტოთ ქვეყნის ბედი და დავაკომპლექტოთ სასამართლო, არამედ უცხო ქვეყნებმა დაგვიკომპლექტონ? ამ დონემდე მივიდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. მგონი, უკვე ძალიან ახლოს არიან იმ წითელ ხაზებთან, რომლის იქითაც საქართველოს ინტერესების სრული უგულებელყოფა ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა გატარდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას რამდენიმე მოსამართლისგან შექმნილი პროსახელისუფლებო კლანი მართავს.
მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია კლანის წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალდებების მტკიცებულებები საქართველოსთვის არ წარუდგენია.