საქართველოში ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება

საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამოქმედდება
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები მალე დაიწყებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას, რომლებიც მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, სამრეწველო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება) 65 ათასის ნაცვლად 100 ათასი ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების ან ბალასტური წყლების ზღვაში ჩაყრა/ჩაღვრისთვის ჯარიმები იგივე დარჩება - 5 ათასი ლარი.
კანონპროექტის ავტორი - საქართველოს მთავრობა - ვარაუდობს, რომ ახალი ჯარიმა 2024 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდება.
ცვლილებების ძალაში შესვლისთვის საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც პროექტს ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა.