კვარაცხელია შეიძლება დაისაჯოს - რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა

არ არის გამორიცხული, რომ „კალიარისთან“ მატჩზე ქართველი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა შესაძლოა დასაჯოს ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია მის მიერ გამოხატული უკმაყოფილების გამო, რომელიც გამოწვეული იყო უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 მატჩში „ბარსელონასთან“ (1:1) მისი შეცვლით, იტყობინება გამოცემა Il Mattino.
68-ე წუთზე შეცვლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ახალი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა. კვარაცხელია კალცონას არც კი მიესალმა, ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან მოუარა, მატჩის ბოლომდე არავის არ ელაპარაკებოდა.
გამოცემის მონაცემებით, კვარაცხელიას რეაქცია არ მოეწონა არც მწვრთნელს, არც კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც მოთამაშის დაჯარიმების შესაძლებლობასაც კი განიხილავდა.
„კალცონა ქართველის რეაქციამ გააბრაზა და მატჩის მეორე დღეს ვარჯიშის დაწყებამდე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს. მწვრთნელი კვარაცხელიას ესაუბრა და აუხსნა, რომ არ მოეწონა ასეთი ჟესტი და გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პიროვნება“, – წერს გამოცემა.
კლუბში მიმდინარეობს კამათი იმაზე, უნდა დაჯარიმდეს თუ არა ფეხბურთელი. ეს თემა Castel Volturno-ს სავარჯიშო ცენტრში განიხილეს. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ქართველი გარემარბი დაისჯება და „კალიარისთან“ მატჩზე სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება.
„ბარსელონასთან" ფრე კარგი შედეგია „ნაპოლისთვის", მეტოქის ემოციური განწყობისა და სიძლიერის გათვალისწინებით. ხვიჩა კვარაცხელიამ დისონანსი შეიტანა ნეაპოლელთა თამაშში „დიეგო არმანდო მარადონას" სტადიონზე", - წერს სტატიის ავტორი.
იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩი „კალიარის“ წინააღმდეგ დღეს, 25 თებერვალს საღამოს გაიმართება. ამჟამად კვარაცხელიას კლუბი სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეცხრე ადგილზეა. პირველ ადგილზეა „ინტერი“ 63 ქულით.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა და სადებიუტო სეზონში კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
მიმდინარე სეზონში კვარამ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მისი კონტრაქტი იტალიის მოქმედ ჩემპიონთან 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საბაზრო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.
წყარო - Il Mattino.