თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერთობლივი ოქმის გაფორმებით დასრულდა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის შეფასებით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი წარმატებით დასრულდა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები.
აგრეთვე მოლაპარაკებების ნაწილი დაეთმო შეთანხმებით დაფარულ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები.
„კორეის რესპუბლიკა გახლავთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი, რომელიც გამოირჩევა მაღალი კონკურენციით და მსყიდველუნარიანობით, შესაბამისად, ამ პრიორიტეტულ ბაზარზე ჩვენი საექსპორტო პროდუქციის განთავსება შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და დივერსიფიცირებას“, - განაცხადა არველაძემ.
კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის.
ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და „საქპატენტიდან“.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოქმის თანახმად, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 2024 წლის გაზაფხულზე სეულში გაიმართება.