მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა

Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამდივნო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებს გამოეხმაურა.
ტელეკომპანია France 24-თვის მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა CSTO-ში სომხეთის მონაწილეობის „გაყინვის“ შესახებ განაცხადა, რაც ერევნის ქმედებების ერთგვარი კონსტატაცია გახდა.
„ფაშინიანის თეზისში CSTO-ში სომხეთის მონაწილეობის გაყინვის შესახებ, როგორც ჩანს, საუბარი ეხება ორგანიზაციის ღონისძიებებში არმონაწილეობას", - განაცხადეს РИА Новости-თან CSTO სამდივნოს წარმომადგენელმა.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, CSTO-ს სამდივნოში ერევნის მხრიდან არ შესულა წევრობის შეჩერების შესახებ განცხადება.
მანამდე სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა CSTO და რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 23 ნოემბერს მინსკში CSTO-ს სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 26 ოქტომბერს, ფაშინიანი ასევე არ დაესწრო ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის მთავრობათაშორის საბჭოებს ბიშკეკში, და არც დსთ-ის სამიტს, რომელიც ბიშკეკშივე გაიმართა.
გარდა ამისა, სომხეთმა არ მიიღო მონაწილეობა მინსკში CSTO-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში და არც თავისი მაშველები გაგზავნა CSTO-ს ქვეყნების წვრთნებზე, რომელიც სექტემბერში გაიმართა ბელორუსიაში. მანამდე კი სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვა CSTO-ს სამშვიდობო კონტიგენტების წვრთნების რესპუბლიკაში ჩატარებაზე.
საპასუხოდ, CSTO სომხეთს მოუწოდებს დაუბრუნდეს არსებული პრობლემების კონსტრუქციულ განხილვას. CSTO-ს გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრი-ქვეყნები რჩებიან ორიენტირებული სომხეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებაზე.