თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. დასავლეთის მიერ სუვერენული რუსული აქტივების კონფისკაცია რისკებს შეიცავს საერთაშორისო სავალუტო სისტემისთვის, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ჯული კოზაკმა.
დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვლიდან აწესებენ, რის შედეგადაც გაყინულია როგორც სუვერენული აქტივები, ისე კერძო ინვესტორების ფულადი სახსრები. ქვეყნის სავალუტო რეზერვები დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობით გაიყინა. თითქმის მაშინვე დაიწყო საუბარი სხვადასხვა მიზნებისთვის უცხო ქვეყნების მიერ ამ აქტივების კონფისკაციის შესახებ. 2022 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას მოემზადებინა წინადადებები გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ უკრაინის აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად.
„რისკები მოიცავს სასამართლო დავის შესაძლებლობას, საპასუხო ზომებსა და საფრთხეებს საერთაშორისო სავალუტო სისტემისთვის", - განაცხადა კოზაკმა დასავლეთის მიერ რუსული აქტივების შესაძლო კონფისკაციის შედეგების შესახებ РИА Новости-ის კითხვაზე.
მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან ნებისმიერ მსგავს ქმედებას უნდა ჰქონდეს „საკმარისი სამართლებრივი საფუძველი“ მათი განხორციელების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
კრემლში განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება „მორიგი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და ნორმის დარღვევით“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპაში რუსული აქტივების გაყინვას ქურდობა უწოდა.