თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 270 პირს, მათ შორის 41 ნარკორეალიზატორს, ბრალდება წარუდგინა.
არსებული ინფორმაციით, ამ 41 პირიდან:
16 პირს ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადების ფაქტზე წარედგინა ბრალი;
13 პირს — დიდი ოდენობითა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის;
3 პირს — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მომზადების ფაქტზე;
9 პირს კი — ,,მარიხუანის“ უკანონო გასაღებისთვის.
უწყების ცნობით, დანაშაულები სასჯელის სახით 3-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულების უმრავლესობას სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ყველა სხვა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოში ასევე მოთხოვნილი იქნება პატიმრობა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა და 270 პირი დააკავა. მათ შორის, საქართველოს, ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსის, ერაყისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.