თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ქართული პოლიტიკა ქართული ფულით უნდა კეთდებოდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის მაისში საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“ დაადანაშაულა ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნაში, რომლებიც პარტიებს უცხოური გრანტებით აფინანსებდნენ.
„ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა, ქართველმა მეცენატებმა, ქართველმა ხალხმა. ასე კეთდება პოლიტიკა. ეს არის სუვერენიტეტი!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ფინანსების მოსაზიდად ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან. იმავდროულად, ქვეყანაში აკრძალულია პარტიული შემოწირულობების მიღება უცხოური წყაროდან.
„ეს ყოფილი კოლონის კომპლექსები უნდა მოიცილოთ. რომ გუშინ ერთი დედაქალაქი იყო თქვენთვის ცენტრი და დღეს მეორე დედაქალაქია თქვენთვის ცენტრი. ასე, არასერიოზულად აღგვიქვამს ყველა. ჩვენ თუ საკუთარ თავს პატივი არ ვეცით, ჩვენ თუ საკუთარ სუვერენიტეტს პატივი არ ვეცით, არავინ ჩვენ პატივს არ გვცემს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სამყარო ისეა მოწყობილია, რომ არსებობს მუდმივი ინტერესები, და არა მუდმივი მეგობრები, აღნიშნა მან.
ამასთან დაკავშირებით მან პარტიებს თავიანთი დაფინანსების სქემის შეცვლა შესთავაზა.
„გააუქმეთ ყალბი ენჯეოები, დახურეთ ის ანგარიშები, სადაც, სავარაუდოდ, გერიცხებათ თანხები უცხოეთიდან, თუ გაქვთ ეს სქემები და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება.
„არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არც ერთ სხვა ფულს. ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა, ქართველმა მეცენატებმა, ქართველმა ხალხმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.