ინტიმური ვიდეოკადრები მეგობარი ქალის ოჯახს გაუგზავნა: ნიგერიის მოქალაქე დააკავეს

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თბილისში 29 წლის ნიგერიელი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმ სოციალური ქსელის მეშვეობით ნიგერიელი მამაკაცი გაიცნო და ინტიმური ურთიერთობა დაიწყო. ურთიერთობის პირველ ეტაპზე ქალი თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. ამასთან, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, გოგონას თანხმობის გარეშე, ფარულად მას მობილური ტელეფონით ვიდეოს უღებდა.
„ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. 2022 წლის სექტემბერში კი ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ზემოაღნიშნული ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა", - ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე ჩაატარა. ნიგერიის მოქალაქის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა.
29 წლის ბრალდებულს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა და საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.