პირველად კავკასიაში - ქართველი ექიმები ოპერაციას რობოტის გამოყენებით ჩაატარებენ

მედიკოსები ინოვაციური მეთოდით ოპერაციის ჩასატარებლად 10 წელი ემზადებოდნენ
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. 26 თებერვლიდან ქართველი ექიმები არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში პირველად დაიწყებენ რობოტ-ასისტირებადი ქირურგიის დანერგვას, იუწყება MMT-ჰოსპიტალი.
ამ დღისთვის ექიმები ბოლო 10 წელი ემზადებოდნენ, პირველ ინოვაციურ ოპერაციას პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ჩაატარებს. ოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კლინიკამ უახლესი რობოტ-ასისტირებადი ქირურგიული სისტემა TOUMAI SERGI AI SYSTEM შეიძინა.
ქართველმა ექიმებმა აშშ-სა და ჩინეთში შესაბამისი გადამზადების კურსები გაიარეს.
ქირურგიული სისტემა TOUMAI SERGI AI SYSTEM წარმოადგენს პირველ რობოტს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა ურთულესი ოპერაციები დისტანციურად, 12 ათასი კილომეტრის მანძილზე. აღნიშნული უნიკალური შედეგი ადასტურებს ამ ულტრათანამედროვე რობოტის სანდოობას.
ფაქტორები, რის გამოც რობოტ-ასისტირებადმა ქირურგიამ რიგ სფეროებში, პრაქტიკულად, სრულად ჩაანაცვლა ტრადიციული, ლაპარასკოპიული თუ ღია ქირურგიული ოპერაციები, შემდეგია: რობოტ-ასისტირებადი ქირურგია უნიკალური მოქნილობით, მინიმალური განაკვეთით და უმაღლესი ხილვადობით, უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ოპერაციის წარმატებაზე, ისე პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.
აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში უახლეს რობოტ-ასისტირებად ოპერაციებს უკვე მიმართავენ მედიცინის ისეთ სპეციალობებში, როგორებიცაა უროლოგია, გინეკოლოგია, კარდიოლოგია და.ა.შ.
„რობოტ-ასისტირებადი ქირურგია კავკასიის რეგიონისთვის ახალი ერაა და მომავლის სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის საწყისი ეტაპი", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართველი ექიმები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორი მოწინავე ტექნოლოგიური სიახლეებით წამყვან ქვეყანათა საერთაშორისო რუკაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს.