თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ჩაეჭიდა ინფორმაციას, რომ საქართველო 800 ათასმა მოქალაქემ დატოვა, რაც აბსოლუტური სიცრუეა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ვაშაძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან - „ქართული ოცნების" მმართველობის დაწყებიდან - მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანა 800 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მისი თქმით, ამავე მიზეზით ქვეყანაში შობადობა კრიტიკულ მინიმუმამდე დაეცა - 2022 წელს 42 ათასი ბავშვი დაიბადა.
„ოპოზიცია დეზინფორმაციას მტრობის სტიმულირებისთვის იყენებს, რათა მოატყუონ ამომრჩეველი არა მხოლოდ არარეალური დაპირებებით - მაგალითად, 1000-ლარიანი პენსია უკვე თავად ოპოზიციაშიც ქილიკის საგანი გახდა - არამედ დეზინფორმაციითაც", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, 2012 წლიდან ქვეყანა 800 ათასმა მოქალაქემ დატოვა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამშობლოში არავინ დაბრუნებულა.
„თავად ვაშაძეც არის ამ 800 ათასში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი", - განაცხადა ხუნდაძემ.
როგორც დეპუტატმა განმარტა, აღნიშნულ ციფრში მოიაზრება არა მხოლოდ სამუშაოდ, არამედ სამკურნალოდ, სასწავლებლად და ტურისტული მიზნით ქვეყნიდან წასული ადამიანები.
მისი, თქმით, მიგრაციის თვალსაზრისით, ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის" პერიოდში მონაცემები ექვსჯერ უარესი იყო.
„მათი მმართველობის პერიოდში ქვეყნიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა 247 ათასი მოქალაქე", - განაცხადა ხუნდაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2022 წელს საქართველო 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ხოლო სამშობლოში 54.405 ადამიანი დაბრუნდა.
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.736,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 1,3%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.