თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის სტანდარტს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ 2000 წლიდან კავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე უფრო დაბალი იყო, ვიდრე საქართველოში.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
„2000-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანებული 13-დან 4 ქვეყნის, კერძოდ: პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით და სხვა მაჩვენებლებით.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველოსთვის დადგინდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მთელი რიგი ეკონომიკური საკითხების მოგვარებას და ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას არ გაუჭირდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით არაერთ ახალ ინიციატივას ამზადებს.