თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში, ტრენტოს ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს - ტურნირის მერვედფინალში ქართველმა იტალიელი ფედერიკო ბონდიოლი ორ სეტში დაამარცხა - 7:5, 6:1.
ნიკოლოზმა თამაში აქტიურად დაიწყო და უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, თუმცა პირველი სეტის შუაში თავისი ჩაწოდება ორჯერ დაკარგა. ქართველმა ჩოგბურთელმა რთული მომენტი გადალახა და საბოლოოდ სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა - 7:5.
მეორე სეტში იტალიელ ჩოგბურთელს საკუთარი ჩოგბურთის ჩვენების შანსი აღარ ჰქონია და ბასილაშვილმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათას დოლარს შეადგენს.
2023 წლის გაზაფხულზე ბასილაშვილმა იდაყვის ტრავმა მიიღო, ზაფხულში ორი ოპერაცია გადაიტანა და კორტზე დაბრუნება მხოლოდ ოქტომბერში შეძლო.
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში. ამ დროისთვის კლასიფიკაციაში 869-ე პოზიციას იკავებს.
2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის - მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.