ახალი კოალიცია არჩევნების წინ? - ნიკა გვარამიას გეგმები

საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ კოალიციების შექმნის აუცილებლობაზე.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც პოლიტიკაში წასვლა საპარლამენტო არჩევნების წინ გადაწყვიტა, ის პარტიები დაასახელა, რომლებთანაც მზადაა კოალიციის შესაქმნელად.
თებერვლის დასაწყისში, ციხიდან გამოსვლიდან შვიდი თვის შემდეგ, გვარამიამ შეკრიბა გუნდი სახელწოდებით „ახალი“ და განაცხადა, რომ მუშაობს მოკლევადიან და სწრაფ კამპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე.
„გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, ნიკა მელიას ჯგუფი, „ლელო“ - ესენი არიან პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც შეკითხვები არ მაქვს და სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთობაში“, - განაცხადა გვარამიამ
ამასთან, გვარამიამ აღნიშნა, რომ მზადაა ესაუბროს თანამშრომლობაზე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, თუმცა თავად პარტია მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხეს.
„წარმატებას ვუსურვებ, ეტყობა იციან რაღაც გზები საუბრის გარეშე, როგორ მიაღწიონ წარმატებას ან რაიმე მათემატიკაა ისეთი, რომლითაც კოალიცია არ დასჭირდებათ და მარტო მოვლენ ხელისუფლებაში. მე ასეთ მათემატიკას არ ვიცნობ“, -განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, კოალიციაში გაერთიანების საკითხი ღიად რჩება.
„ჩვენ ამ წუთში პერსონალური განცხადებებისთვის მზად არ ვართ, რადგან ველოდებით, როგორ გადაწყდება ერთობის საკითხი. ძალიან სენსიტიური საკითხია, ამიტომ არ მინდა ეს საკითხი დავაზიანო, მირჩევნია უფრო მოზომილი ვიყო ჩემს განცხადებებში. ამიტომ ვგულშემატკივრობ ერთიანობას, მაგრამ ვმუშაობთ ჩვენი მიმართულებითაც“, - განაცხადა გვარამიამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
დეპუტატი: გვარამია „ნაცმოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტია>>>
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
მოკლედ გვარამიას შესახებ
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა.
ხელისუფლების ცვლილებიდან ათი წლის შემდეგ, 2022 წლის 16 მაისს, გვარამია, იმ დროისთვის უკვე ახალი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.