რამდენი მილიონი ლარი შევიდა სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ?

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალი 400 მილიონი ლარით გაიზრდება.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 890 მლნ ლარი შევიდა, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს „მინისტრის საათის" ფორმატში წარუდგენს.
შედარებისთვის: 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალმა 739 მლნდ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 65%-ით მეტია.
რაც შეეხება 2023 წელს ბიუჯეტში შემოსულობებს, 890 მლნ ლარიდან 63 მლნ ლარი სანებართვო მოსაკრებლიდან, 141 მლნ ლარი - სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, ხოლო 686 მლნ ლარი გადასახადებიდან (დღგ, მოგება-GGR, საშემოსავლო, ქონება, იმპორტი) შევიდა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მიზნით, 2022 წელს ფინანსთა სამინისტრომ მოაზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშების საქმიანობა დარეგულირდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ).
კერძოდ, დაწესდა ახალი სანებართვო საქმიანობის სახეები სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზებაზე.
ასევე, დადგინდა სანებართვო პირობები, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობები და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.
2023 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებების თანახმად გაიზარდა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთები, რაც 2024 წელს დამატებით 400 მლნ ლარამდე შემოსავალს მოიტანს, აღნიშნულია დოკუმენტში.
სათამაშო ბიზნესის სფეროში განხორციელებული ცვლილებებით აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვს 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს და ასევე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულ პირებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა მზარდია და აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1.487,861 პირი", - ნათქვამია დოკუმენტში.
დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 12.864 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 45 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 12.819.
აზარტული თამაშების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 25 წლამდე პირები, სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე ისინი, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
საქართველოში ლუდომანების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები.