დაკავებულია მამაკაცი, რომელიც მეზობლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

17 წლიანი პატიმრობის შემდეგ მამაკაცი თანასოფლელებს მოკვლით ემუქრებოდა
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. სამეგრელოში სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელიც მეზობლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მამაკაცი, რომელსაც 17 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ჰქონდა გატარებული, სოფელს „ატერორებდა“.
„მან შეურაცხადის სტატუსით მოიპოვა ხელშეუხებლობა, წლებია აშინებს და ავიწროებს სოფელს: ყველას, რიგით მოქალაქეს, საჯარო მოხელეს თუ ორგანოს თანამშრომელს ემუქრება, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას! (ამის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა) შეავიწროვა მეზობლები, წაართვა მათი კუთვნილი მიწა, შემოღობა ტერიტორიები უკანონოდ“, - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალად იარაღის უკანონოდ შენახვაც ედება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა იარაღი, მათ შორის პისტოლეტი, ტყვია-წამალი, ხელყუმბარის და ავტომატის ნაწილები.
წყარო - „ტვ პირველი“.