პოლიტიკური ქორწინება კოალიციური მთავრობის წიაღში: დათანხმდება თუ არა გახარია გვარამიას?

გვარამია ექს-პრემიერის პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი და ყოფილი გენდირექტორი, მოძრაობა „ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია არ გამორიცხავს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" ერთად კოალიცია შექმნას.
თებერვლის დასაწყისში გვარამიამ შეკრიბა გუნდი სახელწოდებით „ახალი“ და თან განმარტა, რომ ეს არ არის პარტია. მისი თქმით, ეს გუნდი მომავალზე ორიენტირებულ მოკლევადიან და სწრაფ კამპანიაზე მუშაობს.
„მე ვხედავ, თუ ეს ოპოზიციური პარტიაა", - განაცხადა გვარამიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ხედავს თუ არა გახარიას პარტიას მომავალ კოალიციაში.
ამასთან, გვარამიამ აღნიშნა, რომ არ გეგმავს ექს-პრემიერს წარსულთან დაკავშირებით კითხვები დაუსვას.
„ალბათ, გახარიასაც აქვს ჩემს წარსულთან დაკავშირებით შეკითხვები. მე მასაც და ყველა დანარჩენს ვთავაზობ წარსულზე ვილაპარაკოთ მაშინ, როცა ჩვენ უსაფრთხო მომავალში ვიქნებით. წარსულზე დღეს ლაპარაკით ჩვენ შეიძლება მომავალი დავკარგოთ და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში", - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, მას გიორგი გახარიასთან მხოლოდ ერთი შეკითხვა აქვს, თუ რას აპირებს იგი მომავალში კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში.
„რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები?... ეს არის ჩემი შეკითხვა", - განაცხადა გვარამიამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
დეპუტატი: გვარამია „ნაცმოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტია>>>
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
მოკლედ გვარამიას შესახებ
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა.
ხელისუფლების ცვლილებიდან ათი წლის შემდეგ, 2022 წლის 16 მაისს, გვარამია, იმ დროისთვის უკვე ახალი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.