ფინანსთა მინისტრი: საქართველო კვლავაც იცავს საერთაშორისო სანქციებს

ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და მათი გვერდის ავლის შესახებ ნებისმიერი განცხადება არის დეზინფორმაცია, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
„არ არსებობს სანქციების დარღვევის ფაქტები საქართველოში. სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, რა ფორმითა და მასშტაბითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. უშუალოდ საქართველოს, სანქციები დაწესებული არ აქვს. საქართველო არის სანქციების აღმასრულებელი და იმ ფორმით და იმ მასშტაბით ასრულებს მათ, რა ფორმითა და მასშტაბითაც არის დადგენილი“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებიდან საქართველო ამ თემასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ებრძვის.
„დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მოხდა სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსზე. ამ ნაწილში ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჯამში, დაახლოებით, 100 განცხადებამდე მაინც გვაქვს გაკეთებული, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყო სანქციებთან მიმართებით“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია არ არის კმაყოფილი სანქციების მასშტაბით, მან საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს.
„არ ვართ მონაწილე ამ პროცესის, რომ აზრი გამოვთქვათ სანქციებთან მიმართებით, რა ფორმით და როგორ უნდა იყოს, შესაბამისად, ვასრულებთ იმ ფორმით, რა ფორმითაცაა დადგენილი“, - განაცხადა ხუციშვილმა.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს მიღებული იქნა 1780 საბაჟო გადაწყვეტილება საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან დაბრუნების თაობაზე, ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტისა ან რეექსპორტის დროს 1000-ზე მეტ შემთხვევაში განაცხადის შემტან სუბიექტს უარი ეთქვა.