სხვის ომში მხოლოდ შეშლილი სწირავს თავს: ექსპერტი საქართველოში მეორე ფრონტის წინააღმდეგია

ექსპერტის თქმით, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დრო დადგა
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხდადებამ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მცდელობების შესახებ რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის სიტყვები გამახსენა: „სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვა", განაცხადა ექსპერტმა და პოლიტოლოგმა ედიშერ გვენეტაძემ.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ „სამწუხარო" უწოდა. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მისი თქმით, ეს დამღუპველი იქნება თავად საქართველოსთვის.

„როდესაც საქართველოს ახალ პრემიერს ვუსმენდი უნებლიეთ გამახსენდა კონსტანტინე დიდის სიტყვები: „სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვა!“ გვეყო ქართველებს მუდამ სხვის დაკრულზე ცეკვა და სხვის ომებში ქართველ ვაჟკაცთა ხმალქნევა!", - განაცხადა პოლიტოლოგმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ექსპერტმა შეაფასა ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა და მას პრაგმატული და მიზანმიმართული უწოდა. მისი თქმით, საქართველოში მშვიდი ცხოვრების დრო დადგა.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
კობახიძემ უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს მეორე ფრონტის გახსნის შესახებ სამწუხარო უწოდა>>>
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და უფრო მეტიც, მას დასავლური სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა. საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულად ალექსანდრ შულგა დანიშნეს.
2023 წლის 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ბულინგი“ და გადასცეს ის უკრაინას, რომლის მოქალაქეც ის არის. ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს.