თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შესაბამის სასესხო შეთანხმებას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა მოაწერეს ხელი.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხელი მოაწერა მხარდაჭერის ხელშეკრულებას, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ - პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებას.
პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმო აშენდება, რომლის საშუალებითაც ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების შემდეგ, მასალის რეალიზება მოხდება.
„პირველი, რაც გაკეთდება, ესაა გადამტვირთი სადგურის მოწყობა, ფაქტობრივად, ახლის მშენებლობა და ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. გარდა ამისა, მოწესრიგდება ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ქალაქისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ფინანსთა მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება ძალზე მნიშვნელოვანია ქალაქისთვის.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის მიმართულებას თბილისში.
პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 26 მლნ ევრო, საიდანაც 22 მლნ ევრო EBRD-მა, 4 მლნ ევრო კი მწვანე კლიმატის ფონდმა უზრუნველყო.
EBRD-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თბილისში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.
„აღნიშნული პროექტის უპირველესი მიზანია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება დაიწყება თბილისიდან და გვსურს, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც განხორციელდეს, მათ შორის, ბათუმში", - განაცხადა დრაკინოსმა.
EBRD-ის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოსთვის დაიწყება ახალი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გარემოსდაცვით მიზნებს.
ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. უკვე დახურულია კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში. გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო მოხდა, ის წყალსაცავთან ახლოს იყო, რაც თავისთავად საფრთხეს ქმნიდა. ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და მათი საცხოვრებლიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანა მოითხოვა..