საქმე კი ასე ყოფილა:
15 წლის იყო ვახტანგ გორგასალი, როდესაც ჩრდილოეთ კავკასია დალაშქრა. გადამწყვეტი ბრძოლა მდინარე თერგზე გაიმართა ჰუნებთან და მათ მოკავშირე ოსებთან. იმ დროს არსებული საბრძოლო წესის თანახმად, ბრძოლის წინ ბუმბერაზთა შერკინება გაიმართა, რომელშიც ქართველთა ჭაბუკი მეფეც მონაწილეობდა. ვახტანგმა მტრის გოლიათები ადვილად დაამარცხა, მერე კი ორთაბრძოლაში ჩართვა ოსმა მთაკაცმა, ბაყათარმა მოისურვა, რომლის სიმძიმით მიწა ზანზარებდა.
ოღონდ ეგ იყო, ადიდებულ თერგზე გადასვლას ვერ ბედავდა, ეშინოდა, რომ მდინარეშივე არ ევნო მისთვის ქართველთა მეფეს. მაშინ ვახტანგმა დაუფიცა, სანამ თერგს არ გადმოლახავ, არ შეგებრძოლებიო. დაუჯერმა ბაყათარმა და შევიდა წყალში. მაგრამ არ აცალა ოს მთაკაცს ნაპირზე გასვლა გორგასალმა, შუბით განგმირა იგი...
გამოხდა ხანი და გორგასალი თბილისის შენებას შეუდგა. მისი ბრძანებით, დღევანდელი მეტეხის ტაძრის სიახლოვეს საყდარი ააგეს — როგორც ჩანს, გატეხილი ფიცის გამო სინდისი ქენჯნიდა გორგასალს და ცოდვის გამოსყიდვა სალოცავის აშენებით სურდა.
ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ტაძარი, სავარაუდოდ 628 წელს, ხაზარებმა იავარქმნეს. მოგვიანებით ის ისევ აღადგინეს, მაგრამ ჯალალ ად-დინის შემოსევის დროს ხელახლა დაინგრა. ამ ადგილას მეცამეტე საუკუნის ბოლოს დემეტრე მეორემ ახალი, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აგება განიზრახა, მაგრამ სამეფოს ხაზინას საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა. ამიტომ მეფემ თავისივე ვეზირისაგან, სადუნ მანკაბერდელისაგან ისესხა ფული და იდეა აღასრულა.
საქართველოში მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) მეტეხის ტაძარმა რელიგიური ფუნქცია დაკარგა, ის სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ტაძრის ციტადელი დაშალეს და ახალი ნაგებობით შეცვალეს, რომელიც სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა 1933 წლამდე.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის ციხე გააუქმეს, პატიმრები ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს, ხოლო შენობა 1933 წელს ეროვნულ სამხატვრო გალერეას გადასცეს ძველი ექსპონატების, ძირითადად ევროპელი მხატვრების ტილოების განსათავსებლად.
მოგვიანებით, ლავრენტი ბერიას ბრძანებით, შენობა დაანგრიეს, სამუზეუმო ექსპონატები კი „გადაარჩიეს“ — რაც ბოლშევიკებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა (ძირითადად „ბურჟუა მხატვრების“ ფერწერული ტილოები), ცეცხლს მისცეს, დანარჩენი კი სხვაგან გადაიტანეს.
მოგვიანებით, როდესაც შოთა რუსთაველის 750 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი ძეგლის დადგმა გადაწყდა, საიუბილეო კომისიამ, რომელსაც საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, გადაწყვეტა, ძეგლი მეტეხის პლატოზე დაედგათ. შესაბამისად, საჭიროდ მიიჩნიეს მეტეხის ტაძრის დანგრევა.
ამ ბარბაროსობას ქართველმა პატრიოტებმა შეუშალეს ხელი. მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილი, დიდი მაესტრო სანდრო ახმეტელი და მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე ბერიას მიადგნენ და კატეგორიულად მოითხოვეს, ხელი არ ეხლოთ მეტეხის ტაძრისთვის.
საბჭოთა საქართველოს თავკაცი ამაოდ შეეცადა ვიზიტორთა დარწმუნებას, რომ „წარსულის გადმონაშთის“ დანგრევით უდიდესი საქმე კეთდებოდა, მაგრამ დელეგაცია შეუვალი აღმოჩნდა.
ბრაზს ვერ მალავდა, თურმე, ლავრენტი ბერია. პირისპირ სასაუბროდ დატოვებულ მხატვარ დიმიტრი შევარდნაძეს ისიც კი უთხრა, საკუთარი ხელით დაგაგნგრევინებთ მეტეხსო.
ნათელი იყო, რომ ცეკას მდივანი უკან დახევას არ აპირებდა. ამიტომ, ბერიას კაბინეტიდან გამოსულებმა კრემლში გაგზავნეს წერილები და უშუალოდ სტალინს სთხოვეს მეტეხის ტაძრის გადარჩენა.
ამან შედეგი გამოიღო. როგორც ჩანს, „დიდ ბელადში“ ყოფილი სასულიერო სემინარიელის სულმა გაიღვიძა და დიდებული ტაძარი აფეთქებას გადაურჩა.
მაგრამ ამ მამულიშვილური საქმის მოთავენი— დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჯავახიშვილი და სანდრო ახმეტელი ბერიას რისხვას ვერ გადაურჩნენ. კომუნისტებმა ისინი ხალხის მტრებად შერაცხეს, დააპატიმრეს და დახვრიტეს.