როგორც „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირის“ თავმჯდომარემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნანა წითელაშვილმა განაცხადა, საქართველოს პირველმა პირებმა გასულ წელს დიასპორის ფორუმზე აღნიშნეს, რომ საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის ჩართულობის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი არ იქნება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენა და დიასპორასთან მჭიდრო კავშირია, რადგანაც დიასპორა არის გარანტი საქართველოში მშვიდობისა და მისი ევროპული განვითარებისა“, - განაცხადა წითელაშვილმა.
რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ კი განაცხადა, რომ რუსეთში ქართული დიასპორა არის ერთ-ერთი მსხვილი საზოგადოებრივი პლატფორმა, მას შემონახული აქვს ქართული ტრადიციები და კულტურა.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც დღეს ქართულ დიასპორას აქვს, არის ეთნიკურად ქართველისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. ამ საკითხზე ჩვენ ხშირად გვიწევს საუბარი“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირი“ 2006 წელს შეიქმნა „ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ურთიერთობების გამტკიცების მიზნით“. არასამთავრობო ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.
ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომია რუსეთში – ერთადერთი ქართული დიასპორის გაერთიანებაა ფედერალური დონეზე. არის რუსეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ–კულტურული თვითგანსაზღვრის ფორმა, მათი თვითმყოფადობის, ენის განვითარების, განათლების, ეროვნული კულტურის შენარჩუნების დამოუკიდებლად გადაწყვეტის მიზნით. დაარსდა 2016 წლის იანვარში.