პარლამენტში ამ კვირაში ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ელოდებიან

ხუთშაბათს, 22 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე კვირაში დეპუტატები „მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ხოლო ინტერპელაციის ფორმატში - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის ანგარიშს, ამის შესახებ ორშაბათს ბიუროს სხდომაზე გამოცხადდა.
პაპუაშვილის თქმით, 20 თებერვალს პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ კი დეპუტატები კანონპროექტების განხილვასა და კენჭისყრის პროცედურაზე გადავლენ.
მეორე დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის შემცვლელის პარტიული სიით უფლებამოსილების ცნობის საკითხს კენჭს უყრიან, შემდეგ კი მინისტრთა საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ.
ხუთშაბათს, 22 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, 23 თებერვალს კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ.