ბრიტანული გამოცემა ქართული რაგბის შესახებ სტატიას ამზადებს

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 15-ჯერ მოიგო. 2024 წლის დასაწყისისთვის საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში World Rugby მე-13 ადგილს იკავებს.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ბრიტანული გამოცემა Rugby UK-ის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან და ქართული რაგბის შესახებ მასალას ამზადებენ, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან. ისინი 17 თებერვალს საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრნენ. უცხოელი სტუმრები უკვე გაეცნენ საქართველოს სამზარეულოს და კულტურას.
„საქართველოში ჩამოვედით, რათა თავიდან აღმოვაჩინოთ ქართული რაგბი, ასევე ქვეყანა. უკვე ოთხი დღეა, რაც თბილისში ვართ. დავათვალიერეთ ქალაქი, დავესწარით რაგბის მატჩს, ვესაუბრეთ რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებს და თავიდან აღმოვაჩინეთ ეს ქვეყანა", - განაცხადა ჟურნალისტმა ჯეიმს პრისმა.
მისი თქმით, ისინი აღფრთოვანებული არიან საქართველოთი და ქართველი ხალხით.
„აქ ძალზე მოტივირებული ხალხია, ამიტომაც უყვართ რაგბი საქართველოში. თქვენ ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი ხართ", - აღნიშნა პრისმა.
საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 38:3 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალში „ბორჯღალოსნების" მოწინააღმდეგე რუმინეთის ნაკრებია, რომელიც B ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ნახევარფინალური მატჩები 2-3 მარტს გაიმართება, ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი 17 მარტს ჩატარდება.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 15-ჯერ მოიგო. 2024 წლის დასაწყისისთვის საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში World Rugby მე-13 ადგილს იკავებს.