თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ აფრიკის რიგ ქვეყნებში დაფიქსირებული ქოლერის აფეთქება სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.
„ამ წლის პირველ ოთხ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის რეგიონის ათ ქვეყანაში ქოლერის 26000-ზე მეტი შემთხვევა და 700 გარდაცვალება დაფიქსირდა. არსებობს დაავადების სხვა ქვეყნებში შემდგომი გავრცელების მაღალი რისკი, განსაკუთრებით ინფექციის გადადების პიკურ სეზონზე“, — განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა ფიონა ბრაკამ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თითქმის ორჯერ აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ქოლერის რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობას.
ამჟამად დაავადების აფეთქებები ფიქსირდება ზამბიაში, ზიმბაბვეში, მოზამბიკში, ტანზანიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეთიოპიასა და ნიგერიაში.