თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. Wizz Air-ი აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტუაციის სწრაფად და პროფესიონალურად გამკლავებას, მათ შორის, ეჭვმიტანილის სწრაფად პოვნას, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე ცრუ შემტყობინებლის დაკავებასთან დაკავშირებით.
14 თებერვალს ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ქუთაისი-ბარსელონა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12:45 საათზე გაფრინდა, თუმცა, აფრენიდან მალევე ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა - მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, განხორციელდა მგზავრთა უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია. საბედნიეროდ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
„ვიზეარს“ აქვს ნულოვანი ტოლერანტობა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური აგრესიის მიმართ, რადგან ჩვენი მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 15 თებერვალს დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა.
აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
ამ ეტაპზე, დაკავებულის ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე აღიძრა სსკ-ის 331 მუხლით, რაც სამიდან ექვს წლამდე ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.