თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შიდა ქართლში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შუეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ბრალდების მხარე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი აღნიშნული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთად დასაქმებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულებმა, კონფლიქტის მოგვარება „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგაც გორში „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს. უკავშირდებოდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ექვსიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.