NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა

ბრუნო ვეფხვაძის „რომაული გაზაფხული” ამერიკული რეალისტური მხატვრობის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. პირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი”.
ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია ბრუნო ვეფხვაძის ნახატის - „რომაული გაზაფხულის“ციფრულ ასლზე. თავად ნახატი Sotheby's აუქციონზე 30 ათას დოლარად გაიყიდა.
კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან პლანეტათაშორისი სადგური აფრინდა. ორბიტაზე ეს მოწყობილობა რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა. დაახლოებით 48 წუთში რაკეტა მთვარის ე.წ. გარდამავალ ორბიტაში შევიდა და 22 თებერვალს მთვარეზე, კრატერ მელაპერტის ახლოს დაჯდება.
ბრუნო ვეფხვაძემ „რომაული გაზაფხული” ორი წლის წინ თბილისში დახატა და როგორც თავად აღნიშნა, მაშინ არც კი უფიქრია, რომ მის ნამუშევარს მთავრეზე გაუშვებდნენ. .

„ყოველ გაზაფხულზე აყვავებულ ხეებს როცა ვუყურებდი, ყოველთვის მინდიოდა ამ სილამაზის ტილოზე აღბეჭდვა და დავხატე ეს აყვავებული ნუშის ტოტები... სურათი სახელად „რომაული გაზაფხული“, საერთოდ არ არის კავშირში იტალიასთან. საყვავილეში მოთავსებულია თბილისის გარეუბანში შეგროვებული ყვავილები”, - განაცხადა ვეფხვაძე.

მისი თქმით, ნახატს მთვარისკენ გზა გაუხსნა ამერიკული საერთაშორისო სახელოვნებო და საგნმანათლებლო ორგანიზაცია „ხელოვნების აღორძინების ცენტრის” მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებამ.
„ხელოვნების აღორძინების ცენტრი” ყოველ წელს ატარებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კონკურსს რეალისტური სახვითი ხელოვნების დარგში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები მონაწილეობენ.
ბრუნო ვეფხვაძე 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, დიდი მხატვრის, ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში დაიბადა და ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. დინასტიას სათავე დაუდო მისმა დიდმა ბაბუამ, საქართველოს სახალხო მხატვარმა ივანე ვეფხვაძემ. მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს მისივე შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ და მისმა ვაჟმა ჯოვანი ვეფხვაძემ.
2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პროფესიით ფერწერის რესტავრატორია. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ - იტალიაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.