მდინარაძე: ოპოზიციონერები ტყუილით ცდილობენ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას

დეპუტატის თქმით, დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ გვარამია არ არის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ მოძრაობა „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ტყულით ცდილობენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პარტიები, რომლებიც ხმების 5%-ზე მეტს მიიღებენ, პარლამენტში შევლენ. არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური სია აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების რეგისტრაციას დაასრულებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პარტიების სიმრავლის მიუხედავად, პარლამენტში მანდატებისთვის მთავარი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა" და მის მუდმივ კონკურენტს, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის გაიმართება.
„როდესაც ჩვენი რეიტინგი 60%-მდეა, რადიკალურ ოპოზიციას აქვს 20%, დარჩენილი 20% კი არის ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ვისთვისაც ყველა, მათ შორის ჩვენც ვიბრძვით. ახლა ნიკა გვარამია ცდილობს ამ 20%-დან რამდენიმე პროცენტზე იმუშაოს. ხაზარაძე და გვარამია სწორედ ამ 15%-20%-ს უმიზნებენ, ცდილობენ ხალხის მოტყუებას, „ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას და ფონის შექმნას, თითქოს ისინი არ არიან დამოკიდებული „ნაცმოძრაობაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის თქმით, დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ გვარამია არ არის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი.
„როგორ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ნიკა გვარამია არ არის „ნაციონალი". როგორც ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ვერასდროს ილაპარაკებდა იმაზე, რომ იგი ემიჯნება ფაშიზმს, ასევე ვერ უნდა ილაპარაკოს ნიკა გვარამიამ, რომ ის ემიჯნება „ნაცმოძრაობას",- განაცხადა მდინარაძემ.
გვარამიამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ხელისუფლების ცვლილებიდან 12 წლის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის ცვლილება უნდა მომხდარიყო.
დეპუტატი: გვარამია „ნაცმოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტია>>>
გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ეს აღიარება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ შეაფასეს, როგორც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის მცდელობა, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა მეტი რაოდენობა მიიზიდონ.
ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს გვარამიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და „დროასთან". აღნიშნულ პარტიებს „ქართული ოცნება" კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებს.
დღეს, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანადამფუძნებელი და გენდირექტორი სათავეში უდგას მოძრაობას „ახალი". მისი თქმით, ეს გუნდი მომავალზე ორიენტირებულ მოკლევადიან და სწრაფ კამპანიაზე მუშაობს.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ უკვე განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 2023 წლის გამოკითხვებში პარტიის რეიტინგმა 3%-დან 5%-მდე შეადგინა.