ხაზარაძე საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრდა - დეპუტატი

Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. „თიბისი ბანკის" დამფუძნებელი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდა, გაძევებით ემუქრება იმას, ვინც ქველმოქმედების სახით საქართველოში მილიარდები დახარჯა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ბექა დავითულიანმა.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ელემენტად ხაზარაძემ მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა გახადა. მან „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე რუსეთის მსახურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "მისი ადგილი კრემლშია". ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, განაცხადა ხაზარაძემ.
„როდესაც გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში და რეპრესიულ ელფერს აყოლებს ამ თავის განცხადებებს, სამართალი სად არის - ერთი მხრივ არის ადამიანი, რომლის ბანკის ვალიც აქვს ნახევარ საქართველოს, ასოცირდება მასთან ეს ვალი და მეორე მხრივ არის ადამიანი, რომელსაც სამი მილიარდი აქვს ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯული", - განაცხადა დავითულიანმა.
დეპუტატის თქმით, აქედან ხაზარაძისთვის არაფერი კარგი არ გამოვა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, როდესაც ხაზარაძე პროცენტებზე ლაპარაკობს, ყველას ავტომატურად თავისი ვალი ახსენდება.
„მამუკა ხაზარაძე გამოდის და ამტკიცებს, რომ მას აქვს 6%, ამ 6%-ით მოდის ხელისუფლებაში და აპირებს რეპრესიების გატარებას „ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიმართ. მოირგო პროკურორის როლი", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, პოლიტიკოსმა ოპოზიციონერს ურჩია, თავის სიტყვაში სიტყვა პროცენტი აღარ გამოიყენოს.
ფული, ფული და კიდევ ფული - ოპოზიციონერმა ხაზარაძის წარმატების ფორმულა გააკრიტიკა>>
„მამუკა ხაზარაძე პროცენტზე რატომ საუბრობს, ასოციაციები საერთოდ სხვაგან მიდის... როცა ის პროცენტს ამბობს, ავტომატურად ყველას თავისი ვალები ახსენდება. ვურჩევდი, ეს სიტყვა გააქროს თავისი ლექსიკონიდან, ვურჩევდი, კვირებს ნუ ითვლის, იმიტომ, რომ ამ კვირების ბოლოში რომ გავა, გარდაუვალი კრახის წინაშე დადგება", - განაცხადა დავითულიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ვინ სად წავა და როგორ წავა, ამას, საბედნიეროდ, ის ვერ განსაზღვრავს ამ ქვეყანაში.
„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" იქნება იქ, სადაც არის და სადაც მოისურვებს, რომ იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ხოლო მამუკა ხაზარაძე იქნება იქ, სადაც მისი ადგილია - პროცენტებში, ციფრების არევასა და ჟონგლიორობაში", - განაცხადა დავითულიანმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს სთხოვა, ხაზარაძეს კრიმინალი უწოდონ, რადგან ის გაასამართლეს და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.
ვიცე-პრემიერი: მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს რეპრესიებით ემუქრება>>
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და მათ 7–7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
პარტია „ლელო"
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.