თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეგიონში საუკეთესოდ აღიარეს, იგი ევროპის ტოპ-20 ქვეყანას შორის მე-14 ადგილზეა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატის" განცხადებაში.
მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების შესაფასებლად, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად სტატისტიკური ეფექტურობის ინდიკატორებს (Statistical Performance Indicators – SPI) ანგარიშობს. აღნიშნული მაჩვენებლები ქვეყანაში არსებული სტატისტიკის სისტემის ეფექტიანობის შეფასებისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას წარმოადგენს.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, რომელიც 2022 წელს ეხება, საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეიტინგში 90,7 ქულით მე-16-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 15 ქვეყანას (ავსტრია, ესტონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბელგია, ლატვია, საბერძნეთი, ლიეტუვა, უნგრეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და მალტა).
სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების მიხედვით მსოფლიოში პირველ სამეულშია ფინეთი, ნორვეგია და კანადა, რომელთა სტატისტიკის სისტემაც 100-დან 93 ქულით შეფასდა.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კორეა, ისლანდია და ისრაელი.
მსოფლიო ბანკის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხორციელდება, რომელიც 5 მიმართულებას, 22 განზომილებასა და 50-ზე მეტ ინდიკატორს აერთიანებს.
შეფასება ეფუძნება ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული მონაცემები, მათი დისაგრეგაციის დონე და ხარისხი, სტატისტიკური სერვისები და მისი გამოყენება, მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, წყაროები, კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა.
მსოფლიო ბანკი აღნიშნულ შეფასებას დამოუკიდებლად, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ახორციელებს. მისი მიზანია ქვეყნებში არსებული სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგრადობისა და განვითარების დონის შეფასება - მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო და მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის საწარმოებლად, რაც მნიშვნელოვანია გლობალური კეთილდღეობისა და პროგრესის მისაღწევად.
მსოფლიო ბანკი, ქვეყნების სტატისტიკის სისტემების შეფასებას, აღნიშნული ინდიკატორების მიხედვით 2016 წლიდან ახორციელებს.