თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness)“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავრობის თანხმობის გარეშე წასვლით და ასეთი საქციელი პრეზიდენტისთვის სამარცხვინოა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მიიღო ოფიციალური მიწვევა და აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის მიღებისთვის მათთვის არ მიუმართავს. საქართველო იქნება წარმოდგენილი მაღალ დონეზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის სახით.