თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოში პენსიების 1 ათას ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო დაპირების შესრულება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სურვილის გათვალისწინებით შეუძლებელია, რადგანაც ეს საქართველოს ეკონომიკის ვარდნას გამოიწვევს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
„თუ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გაწყდება, ჩვენი ქართული ეკონომიკა 10%-ით შემცირდება... თუ ეკონომიკა 10%-ით რომ შემცირდება, სახელმწიფოს გაუჭირდება არა მარტო გაზრდილი 1 ათასი ლარის ოდენობით პენსიის, არამედ არსებული პენსიის გაცემა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
დღეისთვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია. ქვეყანაში პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს.
მათიკაშვილის თქმით, პარტია „ლელო" გამოირჩევა რადიკალიზმითა და აგრესიული რიტორიკით, რომელმაც თავი კვლავ ცრუ დაპირებებით გამოიჩინა.
ამასთან, თავად პარტია „ლელოს" ლიდერმა, ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას რუსეთთან ეკონომიკური კავშრების გაწყვეტაზე განცხადება არ გაუკეთებია.
„ჩვენ არსად გვითქვამს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირი უნდა შეწყდეს, ეს შეუძლებელია - დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს, რომ ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ჩამოეკიდო", - განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებმა განაცხადეს, „ლელოს" წინასაარჩევნო დაპირება პენსიების გაზრდის შესახებ მორიგი პოპულისტური განცხადებაა და გაუგებარია, როგორ აპირებს პარტია დაპირების შესრულებას იმ დროს, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.
რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სიაში მეორე ადგილზეა - 2023 წელს რუსეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11,2%-ია. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,3%-ით გაიზარდა.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა ასრულებს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მაგრამ ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.