თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
„ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც წერილში აღნიშნულია, საქართველო მზადაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად შესრულებას.
OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია ქვეყანაში ჩამოვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოკლევადიანი მისია კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე განაცხადეს.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამთავრობო გეგმაში დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.