პესკოვი: პუტინს აშშ-ისთვის კონფლიქტის გაყინვის იდეით არ მიუმართავს

Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი − Sputnik. სააგენტო „როიტერის“ პუბლიკაცია, თითქოს ვლადიმირ პუტინმა შეერთებულ შტატებს უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინადადებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო, რეალობას არ შეესაბამება, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ეს სიმართლე არ არის“, − უთხრა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც „როიტერის“ პუბლიკაციაზე კომენტარი სთხოვეს.
მანამდე Reuters-მა, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2023 წელს პუტინმა ახლო აღმოსავლელი შუამავლების მეშვეობით აცნობა შეერთებულ შტატებს, რომ მზად იყო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ემსჯელა. მათი თქმით, შუამავლებთან შეხვედრა 2023 წლის ბოლოს შედგა თურქეთში.
მაღალჩინოსანი წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს კონფლიქტის გაყინვა ამჟამინდელ პოზიციებზე სურდა, რათა ყველა ის ტერიტორია შეენარჩუნებინა, რომლებზეც რუსეთმა კონტროლი მოიპოვა. მაგრამ „ამერიკელებთან კონტაქტს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“, ვინაიდან შეერთებულ შტატებმა უკრაინაზე ზეწოლა, რომ ტერიტორიები დაეთმო, არ მოისურვა.