რამინ შამილიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა - რამინ შამილიშვილმა და გოდერძი ბერელიძემ იასპარეზა.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა რამინ შამილიშვილი, რომელიც 55 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ევროპის ვიცე-ჩემპიონია, მან ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა - რამინ შამილიშვილმა და გოდერძი ბერელიძემ იასპარეზა.
რამინ შამილიშვილმა ატაცში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 106/109/111 წარმატებით დაძლია და საქართველოს ნაკრების 2024 წლის ყულაბას პირველი მედალი მოუტანა.
შამილიშვილმა აკვრაში დაძლეული 126/130 კგ-თი მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 241 კგ-თი კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გოდერძი ბერდელიძემ კი ატაცში თავი 107 კგ-ს გაართვა და მხოლოდ ერთი საფეხური დააკლდა საპრიზო ადგილამდე, ძალოსანმა აკვრაში 123 კგ დაძლია და მერვე საფეხური ერგო, ორჭიდში მოგროვილი 230 კგ-თი კი მეექვსე ადგილზეა.