თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონაში უნდა გაფრენილიყო, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ქუთაისი-ბარსელონა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12:45 საათზე გაფრინდა, თუმცა, აფრენიდან მალევე ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი კი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, განხორციელდა მგზავრთა უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია.
„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში”, - განაცხადა ქარქაშაძემ.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება.ქუთაისი- ბარსელონას რეისი დღეს, 19:00 საათზე შესრულდება.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს, დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას”, - აღნიშნა ქარქაშაძემ.
ქუთაისის აეროპორტის ცნობით, რეისის 148-ვე მგზავრმა შემოწმება გაიარა და მათ აეროპორტში სათანადო მომსახურება გაეწიათ.
როგორც გავრცელებულ ინფორკმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.