თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, ციხიდან გაათავისუფლეს, იუწყება ქართული მედია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„თავისუფალია,… ახლა მიმყავს ქობულეთში. ახლა გამოუშვეს. ქობულეთში ვიქნებით 3-4 საათში. დღეს გაათავისუფლეს, სადღაც 10 წუთია. რის საფუძველზე, არ ვიცი. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა თავისუფალიაო, ახლა საპყრობილე დატოვა. პრეზიდენტს არ შეუწყალებია", - განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.
რამდენიმე დღის წინ მედიამ გაავრცელა შორენა თეთრუაშვილის წერილი, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენელი თანახმა იყო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეცვლოდა.
მანამდე დეკანოზის ოჯახმა თქვა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელია აღარ შეუძლია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.
2021 წლის ივნისში დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო.
2022 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დახურული სხდომის ჩატარებით დაირღვა მამალაძის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია მამალაძის არგუმენტს სხდომების ნაწილობრივ დახურვის შესახებ.
გარდა ამისა, დეკანოზის დაკავების შემდეგ საჯარო პირების კონკრეტულმა განცხადებებმა, ისევე, როგორც პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნებამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მამალაძე იყო დამნაშავე.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მამალაძის სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საქმის მტკიცებულებების ნაწილში მის სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევას. მამალაძე ამტკიცებდა, რომ ციანიდი მას „ჩაუდეს“.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბარგის ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა კანონიერი იყო და დეკანოზის არგუმენტი, რომ მას ციანიდი ჩაუდეს, უსაფუძვლოა.
მიუხედავად იმისა, რომ მამალაძე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს სახელმწიფოსგან 150 ათას ევროს და 376,3 ათას ლარს მოითხოვდა, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დეკანოზისთვის მხოლოდ იურიდიული ხარჯების ანაზღაურება – 9.418 ლარის გადახდა დააკისრა.