გაიღვიძა. სამზარეულოში ჩაიდანი დაადგა, აბაზანაში შევიდა და ისევ საწოლს მიუბრუნდა. ტელევიზორი ჩართო, ყველა არხს გაუაზრებლად ჩამოუარა, ვერაფერი იპოვა მისთვის საინტერესო და პულტი გვერდით მიაგდო. ზოგადად, არ უყურებდა ტელევიზორს, მაგრამ მის გარეშეც არ შეეძლო. ყოველთვის ჩართული ჰქონდა, თითქოს მარტოობას ივსებდა ამით, თითქოს ვიღაც კიდევ იყო მის გარდა სახლში…
გარეთ ბარდნიდა ისე ლამაზად და ისე უსასრულოდ, თითქოს თრთვილისფერი იყო სამყარო და ყველაფერი ამ სამყაროში. უცებ რაღაც გაახსენდა და აივანზე პერანგისამარა გავარდა. ერთადერთი ყვავილის ქოთანი ჰქონდა, თითქოს ყურადღებას არ აქცევდა, არ ელოლიავებოდა, მაგრამ გულისგულში გრძნობდა, რომ უფრთხილდებოდა. ღამეს მოესწრო და ყინვისთვის დაეთმო იგი… აფორიაქდა, უმალ ოთახში შემოიტანა და მაგიდაზე დადგა. ყვავილს სიცოცხლის ნატამალიც არ შერჩენოდა.
ყავა დაისხა და მაგიდის წინ სავარძელში მოკალათდა. ყვავილს თვალს არ აშორებდა, ქოთანს ხელი დასტაცა და კალთაში ჩაიდგა. ხელები შემოხვია, თითქოს გათბობას ცდილობდა, თითქოს უნდოდა მისი სუნთქვა ეგრძნო…
შეყვარებული წყვილი
© photo: Sputnik / Stringer
ეს უკანასკნელი იყო, რაც მის თავს ახსენებდა, რაც მისგან შემორჩა. წარსულზე ფიქრს გადაეჩვია, უფრო სწორად, გაურბოდა. იმიტომ არა, რომ იქ სტკიოდა, არა! უბრალოდ, იქ ბედნიერი იყო, იქ სიყვარულისფერი თვალები ჰქონდა და ლამაზი ღიმილი… იქ უყვარდა, იქ სეირნობდა წვიმიან ამინდში ფეხით და წვიმასთან ერთად წვიმაში ცეკვავდა. იქ ყოველთვის ჰქონდა მხარი, რომელზეც შეეძლო თავის ჩამოდება, იქ ყოველთვის ელოდებოდა თბილი თითები, რომელთა შეხება რაღაცნაირად ავსებდა და ახარებდა. იქ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ მის გვერდით იყო, რომ ის იყო მისი ყოველდღიურობის და სიყვარულის დარაჯი. იქ ძლიერი იყო, ყველა გრძნობით სავსე და ამასთანავე ბავშვურად მიამიტი.
მერე კი…
მერე ცხოვრება ჩადგა მათ შორის! ცხოვრება უხეში კონტურებით და ოცნებების გარეშე. არც უცდია ტყუილ-მართალის გაგებას, არც „დამნაშავის“ ძებნა დაუწყია, რადგანაც ყოველდღიურობამ დიდი წერტილი დასვა. უადგილო ადგილზე კი წერტილის დასმის შემდეგ წინადადების გაგრძელებას აზრი არა აქვს და ამიტომ!..
რამდენჯერ არ ეცადა ამ წერტილის წაშლას, რამდენჯერ არ ეცადა ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. და, ბოლოს, საკუთარ თავთან ომში დამარცხება აღიარა!
ის კი ცდილობდა. ცდილობდა, რომ მისთვის ეგრძნობინებინა მისი არსებობა. მიდიოდა იქ, სადაც შეიძლებოდა მას შეხვედროდა — „შემთხვევით“ ხვდებოდა მეგობრებთან, წვეულებაზე, სადარბაზოსთან, სალონთან…
როცა „იქ“ არსებობდა, ერთი კაფე ჰქონდათ ამოჩემებული, პატარა და მყუდრო. სანამ მათ შორის ცხოვრება ჩადგებოდა, დათქვეს, რომ ყოველი წლის ამ დღეს იქ მივიდოდნენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, იქ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ჰო, კიდევ, სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიდნენ ერთმანეთს. მეორე წელს კი „ძველ“ საჩუქრებს კაფეში ტოვებდნენ და ახალი საჩუქრები სახლში მოჰქონდათ. კაფეში ყველა იცნობდა მათ, იმდენი საჩუქრები ჰქონდათ მათი დატოვებული, რომ ცალკე კუთხე გამოუყვეს. იქ ყველამ იცოდა, რომელს რა უყვარდა, ვინ რა სასმელს სვამდა. „იქ“ მათი სამყარო იყო. ეს ყვავილიც „შარშანდელი“ საჩუქარი იყო!..
დღეს კი…
სიამაყე და ქალური ცნობისმოყვარეობა ერთმანეთს ენაცვლება.
არ ახსოვს რამდენი საათი იტრიალა სარკის წინ, რამდენჯერ გადმოალაგა ტანსაცმელი, ხან ერთი მოირგო, ხან მეორე, მესამე, მეათე… ბოლოს ხელში რაც მოხვდა, ის ჩაიცვა, ქოთანი პარკში ჩადო და წავიდა.
მთელი წელი არ ყოფილა აქ, გაურბოდა ამ უბანს, ამ ქუჩას, ყველაფერს, რაც „იქ“ აბრუნებდა.
არ დაუგვიანებია, პაემანი არ იყო და იმიტომ. კაფეს ზღურბლთან წამით შეჩერდა, ფანჯრიდან მისი კეფა დალანდა…
შევიდა. ის მათთვის განკუთვნილ ადგილზე იჯდა. შესვლისთანავე კაფეს მომსახურე პერსონალის მზერა იგრძნო, თითქოს ყველა და ყველაფერი მას უყურებდა, თითქოს ყველა რაღაცის მოლოდინში იყო. ეს კედლები ხომ მათი სიყვარულის თანაზიარი იყო…
არ ახსოვს, როგორ მიუახლოვდა მაგიდას და როგორ დაჯდა. მიმტანმა გოგომ უთქმელად მათთვის ჩვეული „მენიუ“ მოიტანა — ორი ვისკი და ხაჭოს ნამცხვარი. მერე „გერშვინი“ ჩართეს, ეს დისკი წინა წელს დატოვეს აქ, როცა საჩუქრები გაცვალეს…
მან მიმტანს დაუძახა და ვისკი უკან გაატანა, გოგონამ ბოდიში მოუხადა, ყოველთვის ასე გვიკვეთავდით და აღარ გკითხეთო. – ვისკის აღარ ვსვამ გადავეჩვიე, მარტინი მომიტანე.
ბიჭი კი იჯდა და თვალს არ აშორებდა. ეს თითქოს ვერ ამჩნევდა. ზოგადი კითხვა-პასუხის შემდეგ სიტყვების კორიანტელი წამოვიდა… ის ჰყვებოდა და უხსნიდა, რომ სხვანაირად არ შეეძლო, რომ ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ის უყვარდა, რომ უმისოდ არ შეეძლო, რომ ერთი შანსი კიდევ უნდა მიეცა, რომ უნდა დაბრუნებოდა, რომ…
ის ხმას არ იღებდა, უბრალოდ თავდახრილი იჯდა და რაღაცას წერდა… მერე წამოდგა, პარკიდან ქოთანი ამოიღო, მაგიდაზე დადგა და კარებისკენ გაემართა.
— უკვე მიდიხარ, არაფერს მეტყვი?
…მან შეხედა თვალებში, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა, კარი გააღო და გარეთ გამოვიდა.
მერე?..
მერე ბიჭი დიდხანს იჯდა გაუნძრევლად და ხელსახოცს მიშტერებოდა.
ხელსახოცზე კი გაკრული ხელით ეწერა: ბრუნდება ყველა, ყველაზე ერთგული ქალების გარდა. მე კი „ყველა“ არასდროს ვიქნები.
ანა ქათამაძე