თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის წარმატების ფორმულა არის ფული, ფული და კიდევ ფული, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
გუშინ ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში აუცილებლად „ლელო" მოვა. მან ასევე დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების მსახურებაში და განაცხადა, რომ „მისი ადგილი კრემლშია“. ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, განაცხადა ხაზარაძემ.
„მამუკა ხაზარაძეს რეგიონებში „მუსტანგით“ ერთი დღეც არ უვლია, მაგრამ მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ „მუსტანგით“ იმდენი იარა, რომ მანქანას ცეცხლი წაეკიდა. არადა, ავტომობილს მის ავტოსადგომზე ცეცხლი თავისით წაეკიდა. ამ დროს ხალხმა იცის, რომ მანქანა რეგიონებში სიარულის შედეგად გადახურდა. ამაზე მეტი წარმატებული პიარკამპანია რა უნდა იყოს? საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძის წარმატების ფორმულაა – ფული, ფული და კიდევ ფული“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ჯერ კიდევ იანვარში ხაზარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დააანონსა საქართველოს სოფლებსა და რეგიონებში თავისი „ფორდ მუსტანგით" მოგზაურობა, ამომრჩეველთან შეხვედრები და „ლელოს" გეგმების მოსახლეობისთვის გაცნობა, რათა „სწრაფად აღორძინდეს ჩვენი ქვეყანა". თუმცა, 1 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, ავტომობილს ავტოსადგომზე როგორ გაუჩნდა და ხაზარაძე მის ჩაქრობას ცეცხლმაქრით როგორ ცდილობდა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
პარტია „ლელო"
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.