თბილისსა და ლონდონს პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს

ავიაკომპანია პირველ ეტაპზე 3-4 თვითმფრინავის შეძენას გეგმავდა, ხოლო სამომავლოდ ავიაპარკის მინიმუმ სამჯერ გაზრდას.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ავიაკომპანია Air Iveria თბილისიდან ლონდონის მიმართულებით ფრენებს 2024 წლის 13 მაისიდან დაიწყებს, იუწყება გამოცემა „კომერსანტი“.
Air Iveria გეგმავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის „გატვიკის“ აეროპორტში კვირაში სამჯერ იფრინოს.
ამჟამად თბილისიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ არის. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მოხვედრა ერთი გადაჯდომის არის შესაძლებელი, რეისს თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus-ი ასრულებს.
ის რომ Air Iveria საქართველოში ოპერირებას 2024 წლიდან გეგმავს, 2023 წლის მარტში გახდა ცნობილი. ავიაგადამზიდი პირველ ეტაპზე 3-4 თვითმფრინავის შეძენას აპირებდა, ხოლო სამომავლოდ კი ავიაპარკის მინიმუმ სამჯერ გაზრდას.
გასული წლის მარტში ავიაკომპანიამ მსოფლიოში თვითმფრინავების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ Airbus-თან ექსკლუზიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულების მხარეები ახალი ქართული ავიაკომპანიის მდგრადი განვითარების გეგმას და ოპერირების მოდელს მოამზადებენ.
როგორც ახალი ავიაგადამზიდის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, 2030 წლისთვის Air Iveria ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდ დოლარს შეიტანს.