თბილისი, 13 თებერვალი − Sputnik. აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებმა დღეს დილით ოპერაცია „შურისძიება“ ჩაატარეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გუშინდელ თავდასხმაზე პასუხად, იუწყება ქვეყნის სასაზღვრო სამსახური.
„13 თებერვალს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური დანაყოფებმა ოპერაცია „შურისძიება“ ჩაატარეს. სომხეთის შეიარაღებული ძალების გუშინდელი პროვოკაციის პასუხად, მთლიანად განადგურდა საბრძოლო პუნქტი გაფანის რაიონის დასახლება ნერკინ-ანდის მახლობლად, საიდანაც გუშინ აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა სნაიპერული სროლით“, − ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომეხ სამხედროებს სერიოზული დანაკარგები აქვთ.
როგორც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, სომხური მხარის ყველა პროვოკაციას „ამიერიდან უფრო სერიოზული და გადამწყვეტი ზომებით უპასუხებენ“. ამასთან აზერბაიჯანული მხარე შემდგომ ესკალაციაზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას სომხეთის ხელისუფლებას აკისრებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა თავის პოზიციებზე თავდასხმა, რის შედეგადაც რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეა დაჭრილი.
მანამდე, 12 თებერვალს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AzerTAj-მა, რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარების პოზიციების დაცხრილვის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა.