ფრთხილად! კისრის ასეთი მოძრაობა ინსულტს იწვევს

Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი − Sputnik. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ კისრის უხეშად მოძრაობა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში დაავადების გამშვებ მექანიზმად იქცეს, წერს გამოცემა Daily Mail-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
საუბარია ინსულტზე, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაზე, რის შედეგადაც ტვინის ქსოვილი ზიანდება. ამ დაავადებით ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება, ხოლო მათ შორის, ვისაც გაუმართლა და ცოცხალი გადარჩა, ბევრია ინვალიდი.
„კისრის მოძრაობის მანერა, როდესაც ადამიანი მის გატკაცუნებას ცდილობს, შესაძლოა ინსულტის ტრიგერი გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ მოძრაობას ადამიანი რეგულარულდ ასრულებს. ასეთ დროს შეიძლება დაზიანდეს არტერია, რასაც სისხლის გაჟონვა მოჰყვება“, — ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მონიკა ვასერმანი.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი ხშირად იტკაცუნებს კისერს, ან გარკვეულ მანიპულაციებს ატარებს იმისათვის, რომ ტკივილი ან დისკომფორტი შეიმციროს. ეს კი საკმაოდ საშიშია, ვინაიდან ზოგჯერ კისრის მხოლოდ ერთი მოძრაობაა საკმარისი იმისთვის, რომ არტერია დაზიანდეს და სისხლმა თავის ტვინში ჟონვა დაიწყოს. ამას კი ჰემორაგიული ინსულტი მოჰყვება.
მანამდე ექიმებმა დაადგინეს, რომ ზოგჯერ ქალებში თავს იჩენს ინსულტის უნიკალური სიმპტომები, რომლებიც არ გვხვდება კაცებში.

ინსულტის ნიშნები ქალებში:

ცნობიერების დაკარგვა;
საერთო სისუსტე;
მძიმე სუნთქვა ან ქოშინი, ჰაერის უკმარისობა;
გულისრევა, პირღებინება;
სლოკინი;
კრუნჩხვა;
ძლიერი აღგზნებადობა;
ჰალუცინაციები;
არეული ცნობიერება, დეზორიენტაცია;
ქცევის უეცარი შეცვლა, ქალს ავიწყდება, რას აკეთებდა, ან სად მიდიოდა.

ინსულტის ნიშნები მამაკაცებში

თავის ტკივილი, რასაც შეიძლება ახლდეს პირღებინება;
უეცარი სისუსტე და თავბრუსხვევა;
გართულებული მეტყველება;
გარემოს აღქმის გაძნელება;
მხედველობის გაუარესება;
ცნობიერების დაბინდვა.

საინტერესო ფაქტები

მსოფლიოში ინსულტის შემთხვევა ყოველ 40 წამში ერთხელ ხდება;
დაავადების შედეგად ყოველ ოთხ წუთში ერთი ადამიანი იღუპება;
ქვეყნების უმეტესობაში ინსულტი უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს;
ინსულტი არ არის „ბებრული დაავადება“, ის ნებისმიერს შეიძლება დაემართოს — მოზარდებს, ბავშვებს, ახალშობილებს და მუცლად მყოფებსაც კი.

დაიმახსოვრეთ აბრევიატურა FAST

ეს აბრევიატურა ინსულტის სამ უმთავრეს ნიშანს და მოქმედების სწორ ალგორითმს აღწერს.

Face — სახე. ინსულტის დროს სახის ნახევარი „მორღვეულია“, ადამიანი ვერ იმორჩილებს მას, პირის კუთხე და თვალი კი ქვემოთაა დაქაჩული;
Arms — ხელები. პაციენტი ვერ სწევს ხელს ზემოთ და ვერ იკავებს მათ აწეულს, გრძნობს სისუსტეს, ან ერთ-ერთი ხელი უბუჟდება;
Speech — მეტყველება. ვერ ლაპარაკობს ან ურევს სიტყვებს, ზოგ შემთხვევაში ვერ აღიქვამს რას ეუბნებით;
Time — დრო. იმოქმედეთ სწრაფად — გამოიძახეთ ექიმი!
გახსოვდეთ! ინსულტისას ყველაზე ძვირფასი დაავადების პირველი წუთები და საათებია, როდესაც სამედიცინო დახმარება ეფექტური შეიძლება იყოს.
წყარო: Daily Mail