თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2023 წელს ქვეყანას 1,4 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 30,5%-ით მეტია 2022 წელთან და 3,6%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთლიანობაში, საქართველოს წლის დასაწყისიდან 7,1 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,3%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით – 24,4%-ით ნაკლები.
ვიზიტების საერთო რიცხვიდან 4,7 მლნ ტურისტული იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 27,8%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 91,9%-ით აღდგა.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით - 2023 წელი
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
რუსეთი | 1 418,5 | 30,5 |
თურქეთი | 1 396,7 | 50,9 |
სომხეთი | 962,5 | 29,6 |
ისრაელი | 217,1 | 3,3 |
აზერბაიჯანი | 199,8 | 30,6 |
რა გზით შემოდიან ტურისტები
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 68,6% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
ქვეყანაში საჰაერო გზით უცხოელების 31,1% შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 1,2 მლნ ვიზიტორმა ისარგებლა.