თბილისი, 12 თებერვალი − Sputnik. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერევანში შესაძლო ვიზიტამდე, რუსეთს გარკვეული გარანტიები სჭირდება სომხეთისგან, რომელიც საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს რომის სტატუტს მიუერთდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ახალი რეალობა, რომელიც სომხეთის საერთაშორისო სტატუტთან მიერთებასთანაა დაკავშირებული, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომეხი პარტნიორებისგან გარკვეული გარანტიები მივიღოთ. ეს საკითხი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში უნდა გადაწყდეს“, − განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
სომხეთის პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ICC-ის რომის სტატუტის რატიფიცირებამოახდინა. მიმდინარე წლის 1 თებერვალს კი ოფიციალურად მიუერთდა მას.
მანამდე რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ერევნის გეგმებთან დაკავშირებით. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, მოსკოვი, რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ „უკანონო სასამართლო ორდერების“ ფონზე, მიუღებლად მიიჩნევდა ერევნის მხრიდან რომის სტატუტის რატიფიცირებას. უწყებაში ხაზი გაუსვეს, რომ სომეხი კოლეგები რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში შესაძლო უარყოფით შედეგებზე გააფრთხილეს.